მოამზადეთ ქართული სამზარეულოს გამორჩეული კერძი, ქათამი ნიორწყალში, ამ რეცეპტით

4223
მომზადების დრო: 40 წთ
სირთულე: საშუალო

რბილი ხორცი უგემრიელეს ნივრის სოუსთან ერთად – ქათამი ნიორწყალში – ქართული სამზარეულოს განთქმული და უნიკალური კერძია. ქვემოთ მოცემული რეცეპტი შეგიძლიათ თქვენს მეგობრებსაც გაუზიაროთ. მოამზადეთ ეს არაჩვეულებრივი კერძი სულ რაღაც ერთხელ და ის თქვენს საყვარელ საჭმელებში წამყვან ადგილს დაიკავებს.

ინგრედიენტები:

  • 1 ცალი ქათამი (500-800 გრამი)
  • მარილი, შავი – თეთრი პილპილი, ქინძი გემოვნებით
  • 2-3 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 ს/კ კარაქი

    ინგრედიენტები სოუსისთვის:

    • 3 კბილი ნიორი
    • 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი
    • 150 მლ. წყალი

    მომზადების წესი:

    1ქათამი შუაზე გაჭერით, გარეცხეთ, გაამშრალეთ, შეახვიეთ საჭმლის შესაფუთ ცელოფანში და ჩაქუჩით დაანაწევრეთ. მოაყარეთ მარილი და სანელებლები. დადეთ ღრმა თეფშზე და დააფარეთ მეორე თეფში, რომელსაც თავზე წყლით სავსე ერთლიტრიანი ქილა დაადგით. ასე დატოვეთ 12 საათით.

    2ტაფაზე ზეითუნის ზეთში კარაქი გაადნეთ და დამარინებული ქათამი მასში გადაიტანეთ. აუწიეთ ცეცხლს და 3-5 წუთის განმავლობაში, ხორცი ორივე მხრიდან შეწვით. ამ პერიოდში, ნიორწყალი მოამზადეთ: 150 მლ. ცივ, ადუღებულ წყალს 1/3 ჩ/კ მარილი და ნივრის საჭყლეტში გამოტარებული ნიორი დაუმატეთ.

    3ქათამი 15-20 წუთის განმავლობაში თუშეთ. თუ აუცილებლობა მოითხოვს, ტაფაში ცოტაოდენი წყალიც ჩაამატეთ. მომზადებამდე 3 წუთით ადრე, სოუსის ნახევარი ჩაასხით. დაახურეთ თავსახური, ცეცხლს აუწიეთ და 3-5 წუთის განმავლობაში ხარშეთ.

    4დარჩენილ სოუსს კი დაუმატეთ 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი და მომზადებულ ქათამთან ერთად მიირთვით. ასევე მოაყარეთ ახალი მწვანილი, შავი და თეთრი პილპილი. შეგიძლიათ მიირთვათ არაჟანთან, საწებელთან ან აჯიკასთან ერთად.